ალექსანდრე ორბელიანის
ავტობიოგრაფია ცალსახად რეფლექსიურ ავტობიოგრაფის მოდელს წარმოადგენს. მასში უფრო მეტად
ჩანს ეპოქა, ვიდრე თავად ავტობიოგრაფი. თუმცა ეპოქას იმდენად აღწერს მწერალი, რამდენადაც
მის იდენტობას განსაზღვრავს. ავტობიოგრაფიული ტექსტი რამდენიმე ნაწილად იყოფა, პირველ
თავში მოცემულია მთავარი ტოპოსი, პარადიგმატული პლანი, რომლის ფონზეც უნდა წავიკითხოთ
მეორე და მესამე თავებში აღწერილი ისტორიული
მოვლენები.
ქართველი კაცის
მიამიტობა, უზაკველობა და იმავდროულად თანამედროვე
განათლების არქონა ავტობიოგრაფიის რეფლექსიის შედეგად მიღებული მთავარი დასკვნებია:
რა დროც უნდა
იყოს და როგორიც,- მაგალითად ვსთქვათ: თუნდაც ანგელოზების დროც, - უთუოდ იმათში ნაკლულევანებაც
იქნება რამე. ამაზედ ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მომეტებული საჭირო არ არის
... მე ეს მაგალითი იმაზედ მომყავს, რომ მე როგორ ვიტყვი, რომ უწინდელს ჩვენს ძველ
დროში სულ უმანკოება ყოფილიყოს. არა, იმათშიც იყო ავ-კარგობა, მაგრამ რა გვარი? - კარგი,
ძალიან კარგი ეს იყო, რომ სულ სიმართლეს მისდევდნენ და წმინდა სახარების რიგსა ...
მაგრამ ესეც კი არის, რომ ის სიმართლე იყო იმათ მავნებელი... ასე ეგონათ, ჩვენსავით
ყველგან და ყველანი წრფელნი არიანო, და ამიტომ გულით სულით მინდობილნი იყვნენ ყველას.
ალექსანდრე ორბელიანი
თეორიული განსჯით ცდილობს, იმდროინდელი საქართველოს მძიმე პოლიტიკური ვითარების გამომწვევ მიზეზებს მიაგნოს. ავტობიოგრაფი ქვეყნის
სავალალო მდგომარეობის საფუძვლად მტრის რაგვარობის წარმოჩენას არ ცდილობს. მას მიაჩნია,
რომ ყოველგვარი გასაჭირის მიზეზი თავად ქართველ კაცშია. მწერლის აზრით, ქვეყნის მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად საჭიროა არა სულიერი, ზნეობრივი საფუძვლების განმტკიცება, არამედ
მეტი პრაგმატიზმი. ქართველი კაცის მიამიტობა ტექსტში ბევრგანაა თემატიზებული.
სოციალურ პრობლემაზე
რეფლექსიის ფორმით ალექსანდრე ორბელიანის ავტობიოგრაფია ჰგავს ილია ჭავჭავძის მიერ არჩეულ
ლიტერატურულ სტრატეგიას. „კაცია ადამიანში“ ეს ლიტერატურული ხერხი ყველაზე ნათლადაა
წარმოჩენილი. ლუარსაბი მე-19 საუკუნის ქართველის ტიპური სახეა. ალექსანდრე ორბელიანიც
სანამ ერეკლე მეფის დროინდელი საქართველოს ისტორიულ ამბებს გაგვაცნობს, პირველ თავში
ტიპურ ქართველს, ტიპური ქართული ოჯახის ყოფას აღგვიწერს. ალექსანდრე ორბელიანის ავტობიოგრაფიაში
სოციალური პრობლემებით გამოწვეული ტრავმა ავტობიოგრაფს არ აძლევს საშუალებას საკუთარი
განუმეორებელი პიროვნება დაინახოს, შესაბამისად, პარადიგმატულ დონეზე გარდა ისტორიული
მოვლენებისა და ამ კონტექსტში დანახული საკუთარი გასაჭირისა, პირადი ცხოვრების სხვა
ნიუანსებს ვერ ვხვდებით.
პარადიგმატული და სინტაგმატური პლანები ნაწარმოებში
ერთმანეთს შეესაბამება. ალექსანდრე
ორბელიანი ტიპურ ქართულ ოჯახს ინსცენირებულად წარმოადგენს: „მე ვყოფილვარ ჩვენს მართებულს
გვამებტან, კაცთა და დედაკაცებთა შორის და იმათ სახლეულობაში, მიჩხრეკია ისინი, ყოველი
იმათი ქცევა, ცხოვრება და კარგად მახსოვს, როგორიც ისინიიყვნენ. ეხლა მაგალითად ავიღებ
ერთს რომელსამე სახეობას, მაგრამ ვეცდები, გამორკვევით და შემოკლებითითქვას ყოველი
მართალი“. ამ კომენტარით მწერალი გვაცნობს ინფორმაციის რაგვარობასა და დანიშნულებას.
უშუალოდ ოჯახური ყოფის ინსცენირებისას კი ის სიუჟეტის აღწერაში აღარ ერევა. თხრობა
შეუწყვეტლად მიმდინარეობს. მართალია, მწერალი თხრობაში ვრცელი რეფლექსიებით არ ერთვება,
მაგრამ აღწერილ ამბავში მნიშვნელოვან, ტიპურ პრობლემას ქართველი კაცისას მუდმივად შეგვახსენებს.
ის მკითხველთან უწყვეტკომუნიკაციას ცდილობს, მას აღწერილი ამბის ესტეტიკური მხარე არ
აინტერესებს, მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა ამბის ალეგორიული კონტექსტი ზუსტად ისე
გაიგოს, როგორც ეს მწერალს ჩაფიქრებული აქვს. მკითხველთან ამგვარი კომუნიკაციისათვის
ის საკვანძო მნიშვნელობის სიტყვებს იმეორებს: „ორთავემ დიახ კარგად იცოდნენ ზეპირად
ლოცვები ...“ „ადე, შვილო, ილოცე ...“ „მინამ ყმაწვილს ალოცებდნენ, იმისმა მამამ პირი დაიბანა...“
მე-19 საუკუნის ქართველის ყოფაში თემატიზებულია ლოცვა, როგორც განუსჯელად, მექანიკურად გაგრძელება წინაპართა საქმისა.[1] უნდა
აღინიშნოს, რომ ამ ფორმითმკითხველთან კომუნიკაცია ცოტა არადამაჯერებელი ჩანს. ალექსანდრე
ორბელიანი ირონიის ამმოცნობის ინსტრუქციას არ გვთავაზობს. შესაბამისად, დასაფიქრებელია,
რამ განაპირობა, რომ ასეთ იდეოლოგიზებულ ტექსტში მკითხველი თავისუფლდება ავტორის დაზუსტებებისაგან
და მას თავად უწევს ქვეტექსტის ამოცნობა. დასაფიქრებელია, რის საფუძველზე ენდობა მწერალი
მკითხველს; რატომ ფიქრობს იგი, რომ ირონიზების მისეული სტრატეგია მკითხველისათვის გასაგები
გახდება. ერთი რამ ფაქტია, რომ თავადისა და მოურავის ირონიზებული დიალოგი ცალსახად
გავს ლუარსაბისა და მოურავის საუბარს. ეს დიალოგები მსგავისა როგორც შინაარსით, ისე
ფორმით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ირონია, როგორც სოციალური რეალობის
კრიტიკის საშუალება მე-19 საუკუნის საქართველოში ნაცნობი მხატვრულ-გამომსახველობითი
საშუალება იყო.
მკითხველის ეს პერიოდული
თავისუფლება, საბოლოოდ,მაინც შეზღუდულია მწერლის პერიოდული კომენტარებით: „დაგარწმუნებთ,
ამათში ერთი ბეწვა ზაკვა არ იპოებოდა, არც იმათ გულში და არც იმათ ლაპარაკში.“იდეური
ჩარჩოს შესაქმნელად ყველაზე მთავარი სტრატეგიაა ის, რომ პირველი თავის დასაყისში მწერალი
განყენებულ მსჯელობას გვთავაზობს ქართველი კაცის ყოფის შსახებ. ამ რეფლექსიას უშუალოდ
მოჰყვება ტიპური ქართველი დიდგავროვნის ოჯახური ყოფის აღწერა. ტექსტის ეს ნაწილი თეორიული რეფლექსის ილუსტრაციაა, შესაბამისად, მკითხველს,
მწერლის სავარაუდო ჩანაფიქრის მიხედვით, სიუჟეტის ალეგორიული შინაარსი, მხატვრულ- გამომსახველოითი
საშუალებების მიზანი, ირონიის არსებობა გარკვეულ ეპიზოდებში, სწორედ პირველი თავის
დასაწყისში მოცემული რეფლექსიის დახმარებით უნდა განესაზღვრა. ეს სტრატეგია გვხვდება
ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებშიც“(იხ. ჩვენი ანალიზი ილიას ავტობიოგრაფიული ტექსტისა).
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი მწერლის იდეოლოგიური სათქმელის განსახოვნების ლიტერატურული სტრარეგიები ძალიან
ჰგავს ერთმანეთს.
ალექსანდრე ორბელიანის
ავტობიოგრაფიის რაგვარობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია პირველი თავის ბოლოს მოცემული
ავტორისეული კომენტარი: „ესეც ჩვენი ძველი ამბავიდა მისი თვისებანი. ყოველი იმ დროის
ამბავი ვინც კი იცის, უთუოდ უნდა ქაღალდზედ გამოსთქვას, რომ წაიკითხონ და შეიტყონ,
თუ როგორ უცხოვრიათ ჩვენთ წინაპართ: რა ზნეობით, რა თვისებით, რა ხასიათით, და ანუ
რა მდგომარეობაში ყოფილა საქართველო თავის ქართველებითურთ.“ პირველ რიგში, აღსანიშნავია,
რომ ალექსანდრე ორბელიანი საკუთარი ცხოვრების კერძო მნიშვნელობის შესახებ არ წერს,
შესაბამისად, მისი ავტობიოგრაფიაც ცალკეული ადამიანისათვის არაა განკუთვნილი. ეს წიგნი
კოლექტივისთვის და კოლექტიური მიზნებისათვისაა გამიზნული. ცვალებად ისტორიაში ერს ორიენტირი
არ უნდა დაეკარგოს. ამ ავტობიოგრაფიაში, ერთი შეხედვით, აქტუალურია ჯერ კიდევ იოანე
საბანისძის მიერ ფორმულირებული ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფრაზა: „მამულისა
ჩვეულებისამებრ სვლაი“. ალექსანდრე ორბელიანისათვის წარსულის ხსოვნა მნიშვნელოვანია
არამაგალითად. ავტობიოგრაფს წარსული რეფლექსიისათვის, კრიტკული განსჯისათვის სჭირდება.
შეცვლილი რეალობა არ იძლევა საშუალებას, მექანიკურად მიჰყვე წინაპართა გზას.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის
მოგონებებში პარადიგმატული პლანი (ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმები) ალექსანდრე ორბელიანის
მოგონებისაგან განსხვავებულია. იმას, რასაც მარიამ აკეთებს, შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნზე დაფუძნებული იდენტობა. მისთვის მნიშვნელოვანი
არაა საკუთარ თუ სხვათა ცხოვრებაზე რეფლექსია.
მის ავტობიოგრაფიაში სამომავლო მიზნებზე დიდად არ მახვილდება ყურადღება. მარიამ ორბელიანის
ავტობიოგრაფიული კონცეპტის მიხედვით, წარსული თავისთავადი მნიშნელობისაა, მას მომავალში
გაგრძელება რომც არ მოჰყვეს, მნიშვნელობას არ კარგავს. ეს კონცეპტის ამოკითხვა შესაძლებელია
ამ პატარა ამონარიდიდანაც: „საწყალს მამაჩემს არ დასცალდა თავისი განზრახვა სისრულეში
მოეყვანა, ჩემთვის თავისი მოგონებები ეკარნახა. 1890 წლის გაზაფხულს ატენში წასასვლელად
რომ ვემზადებოდით, მითხრა: „ქაღალდი და კალმები წამოიღე, მე და შენ ვიმუშავებთ, მე
ჩემ მემუარებს გიკარნახებო. მე აღტაცებაში მომიყვანა ამ პროექტმა...“ მარიამ ორბელიანის
ავტობიოგრაფიულ ტექსტს ფრაგმენტული მოგონებების სახე აქვს, თუმცა დამოწმებული ციტატიდან
ცანს, რომ ეს ფრაგმენტულობა შემთხვევითი არაა, მასაც გარკვეული ავტობიოგრაფიული კონცეპტი
უდევს საფუძვლად: მარიამისთვის მნიშვნელოვანია ადამიანისსაკუთარი ცხოვრების სივრცეში
განფენილად წარმოდგენა. დროს, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივკავშირს, საანალიზო
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ავტორი უყურადღებოდ ტოვებს.
ნაწარმოების დროთ
განზომილებასთან მიმართებით უნდა განისაზღვროს
ისიც, თუ რა მიმართება აქვს აღწერილ მოვლენებს მთხრობლის აწმყოსთან. როგორც
უკვე აღვნიშნე, აღწერილი მოვლენები, ადამიანთა პორტრეტები მოზაიკურადაა დალაგებული.
აღწერითი თხრობა დომინატურია, ავტორს არ აინტერესებს რეფლექსია. ის, რაც დროში მოხდა,
აწმყოში, მალევე დროის მიღმიერ, ავტობიოგრაფისათვის ნოსტალგიურ, იდილიურ სტატუსს იძენს.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის
ავტობიოგრაფიის სივრცულობა ნაწარმოების
პარადიგმატულ პლანში კიდევ სხვა ნიშნითაც ვლინდება: ავტობიოგრაფი საკუთარ ცხოვრებას
სივრცესთან მიმართებით აღიქვამს; შესაბამისად, უმეტესად აღწერსმოგზაურობას, სხვადასხვა
სივრცეს, რომლებშიც მას მოუწია ყოფნა: „მეორე სოფელი, სადაც მე ხშირად მიხდებოდა ყოფნა,
იყო სოფ. ატენი. აქაც მე მქონდა მშვენიერი პატარა მამული, რომელიც ჯვარისწერის დღეებშიჩემმა
დედამთილმა მაჩუქა...“ სივრცის განსახოვნების ძირითად საშუალებად ავტობიოგრაფი აღწერას
ირჩევს. სინტაგმატური პლანის ამ მახასიათებლით ის ახლოს დგას სულხან-საბა ორბელიანის
ავტობიოგრაფიასთან (იხ. პირველი შუალედური ანგარიში).
[1]ამავე
საკითხს სვამს ილია თავის „პასუხის პასუხში“, როცა მამათა თაობას ადანაშაულებს ხელთა ფოტინით ლოცვაში.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen