Sonntag, 27. November 2016

დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიული პროექტი

ეს მოგონებები იწერება იმ მოსაზრებით, რომ რომელიმე მკვლევარმა ჩვენი წარსული ცხოვრების სურათის დასახატავად შეიძლება ამ სტრიქონებშიც იპოვოს გამოსადეგი მასალა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ამის დაწერაც გამართლებული იქნება და დამწერიც დიდად დაკმაყოფილებული.
ნაშრომს კი ვუძღვნი მათ ხსოვნას, ვინც გული სიყვარულით გამითბო, მასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა. მოკლე მონაგონებში არაფერი შეუფერადებელი არ იქნება, მხოლოდ სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად ვემსახურებოდი მთელი ჩემი მწერლობის განმავლობაში.
ეს სიტყვები უძღვის დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიულ პროექტს. ავტორს სურს გაგვაცნოს ტექსტის შექმნის მიზანი (მკვლევართათვის ეპოქის შესახებ ინფორმაციის მიწოდება). გარდა ამისა, კლდიაშვილი მოწოდებული ინფორმაციის ხარისხსაც განსაზღვრავს - მხოლოდ სინამდვილეს აღწერს.
კლდიაშვილის ეპიგრაფში ბევრი რამ წინააღმდეგობრივია. ავტორი, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ ავტობიოგრაფიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტუალური იქნება, მეორე მხრივ, კი მას ფიქციად ანუ მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევს. ავტობიოგრაფიულ ტექსტში აღწერილი სინამდვილე ნეიტრალური ინფორმაციისაგან კი არ შედგება, არამედ მწერლის თვალით დანახულია და შესაბამისად, სუბიექტური. საინტერესოა ისიც, რომ ავტორი მოკლე მონაგონებს უწოდებს იმას, რაც, დაახლოებით, 300 გვერდისაგან შედგება. თვითონ ის ფაქტი, რომ ნაწარმოებს პარატექსტად  მსგავსი ტიპის ავტორისეული კომენტარი უძღვის, მის ფიქციონალურ შინაარსზე მიანიშნებს.
კლდიაშვილის ავტობიოგრაფიული კონცეპტის განსასაზღვრავად გასათვალისწინებელია არდავიწყების კონცეპტი: „ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა ჩვენთან შემოთვისებული მოხუცი, რომლის ხსოვნას დავიწყებას ვერ მივსცემ ...“/“დავიწყებას ვერ მივცემ მევლუდას ამხანაგს, საწყალ ილიასა ხელაძის ამბავს...“/„ვყვები ამასთანავე იმიტომ, რომ დავიწყებას ვერ ვაძლევ, თუ რა ტიპის ხელში ვიყავით მოქცეული და ვისგან გვხვდებოდა ხელმძღვანელობა და კონტროლი და რა კონტროლი მერე?!“ (გვ.325) დამოწმებული პასაჟები ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთიდანაა აღებული. ერთი შეხედვით,თითოეულ მათგანს ერთი დანიშნულება აქვს: ავტორს სურს, არ დაავიწყდეს ის ადამიანები, რომელთაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ამ მსგავსების მიუხედავად, მათ სხვადასვა კონცეპტი უდევთ საფუძვლად. დამოწმებული ფრაზების სხვაობის განსასაზღვრად უნდა დადგინდეს ნაწარმოების პარადიგმატული პლანი.
კლდიაშვილის ავტობიოგრაფია დაყოფილია თავებად, თითოეულ  თავს წამძღვარებული აქვს მოკლე აღწერა, რომელიც ძირითად სიუჟეტურ ელემენტებს მოიცავს. ავტობიოგრაფიული კონცეპტი სტრუქტურულ დონეზე ცხადად არაა გამოკვეთილი. ამის მიუხედავად, ცალკეულ თავში მოცემული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხერხდება ტექსტის გაყოფა ორ ძირითად ნაწილად, რომელთაც განსხვავებული პარადიგმატული პლანი აქვთ. პირველ ნაწილში ავტობიოგრაფი აღწერს ბავშვობას, რომელიც ძირითადად იდილიურ ყოფას წარმოაჩენს. ტექსტის ამ ნაწილში მოვლენები ვითარდება სოფლის იდილიურ ყოფაში, რომელსაც ვერ არღვევს ქვეყნის სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა: „განსაკუთრებით მიყვარდა ბაბუას ოჯახში გაზრდილი გლეხი შოშიელა კინწრიაშვილი... ყველას გვიყვარდა წყნარიშოშიელა... შოშიელას უფროსი ძმა სესელია მოურავად ჰყავდა ბაბუაჩემს. კაცი ეშმაკი, გაიძვერა, მოქარგული ენით მოლაპარაკე, რისი წყალობითაც მოხუცებული ხელში ჰყავდა ჩაჭერილი. (159) „ამათში, მახსოვს, განსაკუთრებით გვიყვარდა სიცოცხლით სავსე, მხიარული, ხალისიანი, ოხუნჯი თედორია პაპავა.“ (158)
აღწერილ მოვლენებში არაფერია ნათქვამი სოციალური წყობის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. დასახელებული კონტექსტი ტექსტის ამ მონაკვეთში ამოღებულია; ეს მაშინ, როცა ბავშვობის შემდგომი პერიოდის აღწერისას ავტობიოგრაფისათვის მოვლენათა განვითარების სოციო-პოლიტიკური ასპექტებია მნიშვნელოვანი.
„მოგროვილი მასალა მეტად საინტერესოა განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან იმაში იხატება ბათუმი, რომელსაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში“. (გვ.224)
„ასეთი სამწუხარო სურათები იშლებოდა ცხოვრებაში გამოსვლის პირველი დღეებიდან, მაგარამ ახალგაზრდული ენერგია არ მღალატობდა და იმედიანობას არ ვკარგავდი და ვმუშაობდი გატაცებით.“ (292)
ტექსტის პირველ ნაწილში მოვლენათა შერჩევის მთავარი კრიტერიუმია კეთილი ადამიანების ცხოვრების აღწერა და მათთან გატარებული იდილიური ყოფის წარმოჩენა. არდავიწყების ტოპოსი ამ ნაწილში, კეთილ ადამიანთა ყოფის უკვდავყოფას გულისხმობს, რადაგან ისინი ავტობიოგრაფის იდენტობის საყრდენებს წარმოადგეგნენ. შესაბამისად, პირველ ნაწილში განსხვავებულია პარადიგმატული პლანიც, ანუ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შერჩევის პრინციპი. ბავშვობის პერიოდის  გადმოცემისას კლდიაშვილი, ძირითადად აღწერას მიმართავს. ასე მაგალითად, ბაბუას არ აფასებს, უბრალოდ ახასიათებს მას:ამ ოთახში ცხოვრობდა მოხუცებული და მის ნებადაურთავად შიგ ვერავინ შევიდოდა...ბავშვებს აქ ადგილი არ ჰქონდათ, მხოლოდ მე ვიყავი გამონაკლისი, - ყოველთვის ამათთნ ვსადილ-ვვახშმობდი ბაბუას გვერდით მჯდომი...მე ყოველთვის მომიჯენდა გვერდით, მეძახდა „რუსო, რუსო“ და მესიყვარულებოდა“. ბაბუას დახასიათების შემდეგ მწერალი გადადის სამზარეულო სახლის აღწერაზე: საყვარელი სამყოფი ჩემთვისაც და სხვა ბავშვებისთვისაც იყო სამზარეულო სახლი“. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის თქმით, ბაბუა მას თბილად ეპყრობოდა, ეს ურთიერთობა სასიამოვნოდ არ ახსენდება. ნეიტრალურ დახასიათებას პირველივე შეფასებითი სიტყვით - საყვარელი სამყოფი - უპირისპირებს სხვა რეალობის აღწერას, რითაც ის ერთგვარად აფასებს ბაბუასთან გატარებულ დროს. (157)„მიყვარდა აქ ყოფნა, აქ შუა ცეცხლის პირას მოყაყანე ხალხში გარევა. რა ზღაპარს, რა არაკს, რა ამბავს, ხუმრობას არ გაიგონებდი ხოლმე! ვუჯექიმუხლებზე ხან ერთს, ხან მეორეს და ვუსმენდი ამათ გაუთავებელ ლაპარაკს (მოგვიანებით სხვა პასაჟშიცახასიათებს კაცს ავტორი დადებითად იმის გამო, რომ საინტერესო მოყოლა იცოდა)...ეს დღეები სხვანაირად მიყვარდა, რადგან სამზარეულოში უფრო მეტი ხალხი ტრიალებდა, უფრო მეტი ჟრიამული და სიცოცხლე იყო“. (158)„სხვანაირი მოხერხება და თავიანობა იყო საჭირო ოჯახის საქმის გასაძღოლად ... ეს დაკისრებული ჰქონდა ბიცოლაჩემს ... ჩუმი (ეს თითქოს კლდიაშვილის დადებით კატეგორიას (მხიარული, ცოცხალი ბუნების ეწინააღმდეგება),მოკლედ ლაპარაკს ჩვეული (კლდიაშვილისათვის მეორე უარყოფითი კატეგორია, მას მოლაპარაკე ადამიანები უყვარს), უბრალოდ ჩაცმული, მოძრავი, იგი დილიდან შუაღამემდი საქნარში იყო ჩაბმული, თითქოს დაღლა მისთვის არ არსებობდა. ოჯახის ყველაფერი საქმე მას ეკითხებოდა და მის დაუკითხავად არაფერი გაიცემოდა, არაფერი განათხოვრდებოდა... ჩვენ, ბავშვებს, თან გვეშინოდა ბიცოლა ელისაბედის, თან გვიყვარდა ღრმა სიყვარულით (არ აკონკრეტებს, რატომ უყვარდათ) მან წერა-კითხვაც იცოდა და ყველა მის შვილს ნასწავლი ჰქონდა წიგნი. (ამ ფაქტს ასე ნეიტრალურად აღწერს, ამის იქით არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა ყოფილიყო. ასეც იქნება მოგვიანებით, როცა ბათუმში მოქმედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის შესახებ იმსჯელებს. დეტალურად, ვრცლად აღგვიწერს იმ ადამიანების შრომას, რომელნიც ამ საქმისათვის დაიხარჯნენ. ეს იმიტომ, რომ სოციალურ კონტექსტში, რომელსაც, ძირითადად, თავისის მოწიფულობის ასაკში აღგვიწრს, მნიშვნელოვანია განათლება, ბავშვობის კონტექსტში კი _ იმდენად  არა).
ეს საინტერესო დეტალი კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბავშვობის პერიოდსა და მოწიფულობის ასაკში ავტორი ადამიანთა დასახასიათებლად სხვადასხვა კატეგორიას იყენებს. თანაც, თხრობა ურო მდორეა (საინტერესო იქნება გაირკვეს ამ სხვადასხვა კატეგორიისათვის რომელი ნარატიული ხერხები აქვს მწერალს გამოყენებული.საამისოდ მშრალად უნდა დახასიათდეს თხრობის მოდელები, შემდეგ კი დასკვნის სახით შეჯამდეს, რა მიზნით გამოიყენა ისინი მწერალმა. მეორე ეტაპზე მოსაძებნია იგივე მიზნები სხვა ავტობიოგრაფიულ ტექსტებში და უნდა განისაზღვროს, იქ თხრობის რომელი მოდელები გვხვდება). წერა-კითხვის გარდა, ბიცოლა თავის ქალიშვილებს ასწავლიდა მეოჯახეობას, მუდამ საქნარში ჰყავდა ისინი ჩაბმული და იხმარებდა ოჯახის მოვლაში“. (156)

მეორე ბაბუასაც ავტორი ნეიტრალურად ახასიათებს; ისე, რომ ერთხელაც არ იყენებს შეფასებით სიტყვას. არ გვხვდება, მათ შორის, ტოპოსი მიყვარდა. დედის მამას ახასიათებს როგორც ღარიბ, პატიოსან აზნაურს. საინტერესოა ის, რომ ბაბუას  ორი-სამი წინადადებით ახასიათებს, გაცილობით დიდ დროს კი უთმობს იმ ადამიანის შესახებ თხრობას, რომელმაც მამობა გაუწია მამამისს. ეს ადამიანი, კლდიაშვილის აზრით, სიკეთისა და პატიოსნების განსახიერება იყო: „ ეს დალოცვილი ბუნების ადამიანი ... იყო ნამდვილი კაცთმოყვარე ადამიანი, რომ იტყვიან: მუდამ მზად იყო ყოველი გაჭირვებულის შესაწევად“. .. იგი ნამდვილი მშვენება იყო სოფლისა. მშვენიერი იყო დათიკა გარეგნობითაც: მაღალი, ფართომხარბეჭიანი, ტანწერწეტი, სასიამოვნო სახით, მოგრძო გათეთრებული თმით, მოძრავი, რიხიანი ხმით მოლაპარაკე, მხიარული ადამიანი, ქეიფის მოყვარული. გაკვირვებას  ვარ ახლა, რომ განმახსენდება ის ვებერთელა ხის კათხები, იგი რომ სცლიდა ხოლმე... ვიმეორებ ქეიფიც იცოდნენ ორივე ძმებმა, მუშაობაც და ადამიანის მიხედვაც. (დასახელებუ;ლი ფრაზებით კლდიაშვილი ერთგვარ ძეგლს უდგამს ამ ადამიანს, მეხსიერების სივრცეს ქმნის).
ტექსტის პირველი მონაკვეთისაგან განსხვავებით, მეორე ნაწილში მოვლენათა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი მათი სოციალური სტატუსია, თხრობა რეფლექსიული ხასიათისაა.







Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen