ალექსანდრე ყაზბეგის
ავტობიოგრაფიული ტექსტის თხრობა ჰგავს მწერლის დანარჩენ მხატვრული შემოქმედებას. წოდებრივი
უთანასწორობა, უბრალო ყოფის ესთეტიზება, ადამიანი, როგორც თავისთავადი ღირებულება
- ძირითადი მოტივებია, რომლებიც საფუძვლად უდევს ავტობიოგრაფიული თხრობის წარმართვას:
„19 .. წელს გარდავწყვიტე
მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და
გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ
თანა სდევს“. ერთი მხრივ, ადამიანებთან კომუნიკაცია და მეორე მხრივ, საინტერესო, მრავალფეროვანი
ცხოვრების სურვილი ჩანს ავტობიოგრაფის დამოწმებულ სიტყვებში. ბუნების სიახლოვეს, არაოფიაციალური
ურთიერთობის კონტექსტში ხედავს მწერალი საინტერესო ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობას.
ეს დეტალი საყურადღებოა, რადგან ალ. ყაზბეგის ამგვარი ფასეულობები კონკრეტული სოციო-პოლიტიკური
ვითარებით უნდა იყოს განპირობებული. ადამიანური ყოფის ორი სივრცის (გლეხთა და დიდგვაროვანთა)
შეპირისპირება გვხვდება აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიაშიც. მეფის ხელისუფლების რღვევა, ადგილობრივი დიდგვაროვნების
ახალ კონტექსტში (რუსეთთან ურთიერთობა) საკუთარი ძალაუფლებისა და პრივილეგიების მოპოვებისათვის ბრძოლას ხშირად უსამართლობა და ძალადობა
ახლდა.
ძალაუფლებისათვის
ბრძოლის ახალი ფორმების გარდა, იმპერიასთან ურთიერთობამ დიდგვაროვანთა წრისთვის კულტურულ-ინტელექტუალური
კონტექსტიც განსხვავებული გახადა. შეიცვალა როგორც განათლების მიღების ფორმა, ისე დანიშნულება.
იმპერიის ინტელექტუალური ორიენტირები ფუნდამენტურ, სულიერებასთან, ადამიანურ ფასულობებთან
დაკავშირებული კულტურულიცოდნის მქონე ხალხისათვის უსიცოცხლო და სქემატური ჩანდა. ახალი
განათლება ადამიანს მხოლოდ იმის საშუალებას აძლევდა, რომ ჩინოვნიკი გამხდარიყო. ამასთან
ამ ტიპის განათლების მიღება დიდგვაროვანთა პრივილეგია იყო. შეცვლილი სოციო-პოლიტიკური
ვითარების ამ ინდიკატორს, როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის მწერალთათვის ნაციონალური თუ
პიროვნული იდენტობის განსასაზღვრად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც განათლების
კონცეპტი ამ პერიოდის ყველა ავტობიოგრაფიულ ტექსტში ბიოგრაფიულ დეტალთა სელექციის ერთ-ერთი
მთავარი კრიტერიუმია. ამით უნდა აიხსნას ის, რომ ავტობიოგრაფი თავისი ცხოვრების მხოლოდ
ერთ ეტაპს, მწყემსობის პერიოდს, აღწერს. ტექსტში არ გვხვდება ინფორმაცია ბავშვობის
შესახებ, მწერალი არც მშობლებს იხსენებს.
ნაწარმოების პარადიგმატული
ღერძის განსაზღვრა რომ მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო ნათელი ხდება, როცა მე-19 საუკუნის
ავტობიოგრაფიულ ტექსტებს ერთმანეთს შევადარებთ იმის მიხედვით, თუ ინფორმაციის სელექციის
რა კრიტერეიუმები აქვთ შემუშავებული ავტობიოგრაფებს. ასე მაგალითად, განათლებისა და
სოციალურ სფეროთა შეპირისპირება ვაჟა-ფშაველასთანაც გვხვდება, თუმცა ამ უკანასკნელთან
ის ინფორმაციის სელექსიის ერთ-ერთი კრიტერიუმია; მაშინ, როცა ალ. ყაზბეგთან მთავარი,
დომინანტური კატეგორიაა.
ალექსანდრე ყაზბეგის
ავტობიოგრაფიულ ტექსტში, როგორც უკვე აღვნიშნეთ,სოციალურ სივრცეთა შეპირისპირება ავტობიოგრაფიული
ინფორმაციის დახარისხების მთავარი საფუძველია, იგი საანალიზო ავტობიოგრაფიის სინტაგმატურ
ღერძს ქმნის. მწერალი ვრცლად მოგვითხრობს საკუთარი დიდგვაროვნებისა და განათლების შესახებ.
ავტობიოგრაფიულ
ტექსტებს ანალიზის საფუძველზე ფაქტუალურ და ფიქციონალურ ტექსტებად ვახარისხებთ.[1] ყაზბეგის
ტექსტი, ისევე როგორც მწერალთა მიერ შექმნილი ავტობიოგრაფიები ფიქცონალურია. ამასთან
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყაზბეგის ავტობიოგრაფიულ ტექსტში ფიქციონალობის ელემტების
სიმრავლე ცალსახაა. ამიტომაც საანალიზო ავტობიოგრაფიული ტექსტი მბნიშვნელოვნად გავს
მწერლის დანარჩენ მხატვრულ შემოქმედებას. ავტობიოგრაფიულ ტექსტში მწერალს აინტერესებს
არა იმდენად ისტორიული დეტალების ჩაწერა და თანამედროვეთათვის, ან მომავალი თაობისათვის
გაცნობა, არამედ ავტობიოგრაფიული დეტალების რეტროსპეტული გააზრება .
აღნიშნული დასკვნების
საილუსტრაციოდ გავაანალიზებ ერთ ეპიზოდს, რომელშიც
ალ. ყაზბეგი საკუთარ განათლებაზე რეფლექსიას გვთავაზობს. მთაში ცხვრის სამწყესად წასული
მწერალი უცხოელებს, ფრანგებს შეხვდება, რომლებიც მატყლის საყიდლად იყვნენ მისული. ალექსანდრე
ყაზბეგმა ფრანგული იცოდა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება არ გასჭირვებია. ეს
ფაქტი უცხოელთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან უბრალო მწყემსისგან არ ელოდნენ უცხო
ენის ცოდნას. ამ ფაქტს ასე იხსენებს ყაზბეგი: „წარმოიდგინეთიმათი გაშტერება, როდესაც
რაღაცა უცნაურს და ველურს მთებს შორის, სადაც იმათის შეხედულებით ბარბაროსები ცხოვრობდნენ,
რომელთაც ათზე მეტი თვლაც კი არ იციან, ერთბაშად უბრალო მეცხვარე, უბრალო მთის კაცი
ფრანციულად ელაპარაკება!“ ალ. ყაზბეგისათვის უბრალო ადამიანთა რეაბილიტაცია, მათი დაკნინებული
ღირსების რეაბილიტაცია რომ მთავარი მიზანია, ჩანს დამოწმებული ციტატითაც. მწერლის აზრით, გარეშე პირთა წარმოდგენები მთაში
მცხოვრებ ადამიანთადმი სტერეოტიპულია, ამტომაც იგი უცხოელთა მოლოდინისა და რეალობის
შეუთავსებლობას უსვამს ხაზს. გარდა ამ მიზანდასახულობისა, საანილიზო ციტატაში დაკვირვებას
საჭიროებს მიზნის მიღწევის ლიტერატურული გზებიც.
ალექსანდრე ყაზბეგის
ატობიოგრაფიული კონცეპტის ანალიზისას აღვნიშნეთ, რომ უბრალო ადამიანთა და დიდგვაროვანთა
ყოფის შეპირისპირება მთავარი კონცეპტუალური ღერძია. აქამდე ამ კონცეპტს ვავლენდით პარადიგმატულ
დონეზე; ვაკვირდებოდით, როგორ განსაზრვრავდა ის ინფორმაციის შერჩევასა და დახარისხებას. ამ ეტაპზე ალექსანდრე ყაზბეგის ავტობიოგრაფიული
კონცეპტის სინტაგმატურ პლანს წარმოავაჩენს.
ალექსანდრე ყაზბეგი
ავტობიოგრაფიულ ტექსტში ერიდება განყენებულ რეფლექსიას, შეხედულებათა თეორიულ ფორმულირებას.
როგორც ეს გხვდება, მაგალითად ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“. მისი ავტობიოგრაფიული კონცეპტი უფრო მეტად ვლინდება
მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებათა შერჩევაში. ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია
პერსპექტივათა სტრუქტურის შექმნა და პერსონაჟთა კონსტელაციის ფორმირება. ნაწარმოებში
ერთ მხარეს დგანან ალექსანდრე ყაზბეგი და მოხევენი, ხოლო მეორე მხარეს _ რუსები, უცხოელები
და ალექსანდერე ყაზბეგის დიდგვაროვანი ნათესავები. ტექსტში ავტობიოგრაფის თხრობას პირველ
პირში, სისტემატურად ენაცვლება დასახელებულ პერსონაჟთა თხრობა ასევე პირველ პირში,
ხშირად გვხვდება დიალოგები. შესაბამისად, იქმნება სამყაროს აღქმის ორი პერსპექტივა:
ბუნებრივ-ნატურალური და ხელოვნულ-ცივილიზებული. ორი პერპექტივის სისტემატური შეპირისპირების
გზით, ალექსანდრე ყაზბეგი ქმნის აზრს, რომ გლეხთა ყოფა განპირობებული არა მათი ხასიათის,
შესაძლებლობებისა თუ სხვა ობიექტური მიზეზებით. მათი მდგომარეობა შედეგია სტერეოტიპული
წარმოდგენებისა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ აზრს ავტობიოგრაფი თეორიულად
არ აყალიბებს, იგი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების - ორი პერსპექტივის სისტემატური
შეპირისპირბით _ წარმოაჩენს ამ იდეას.
[1]ფიქციონალობა
ავტობიოგრაფიული ფაქტების გამოგონებას კი არ გულისხმობს, არამედ _ ტექსტის მხატვრულობის
ხარისხის მაჩვენებელს.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen